საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
თავი III. საგზაო მოძრაობის წესები
მუხლი 20. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა
1. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე;
ბ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოსგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს:
ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ;
ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის შესახებ;
ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;
ბ.დ) პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;
გ) გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.
2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძოქონებას.
3. საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში.
5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
7. საგზაო მოძრაობის მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 21. მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები
1. ყოველ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას უნდა მართავდეს მძღოლი.
2. მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
3. მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.
3¹. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მგზავრთა გადაყვანა, თუ მას „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება.
4. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია მძღოლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ.
5. მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ..
6. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
6¹. აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევა.
7. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
8. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
9. მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ ან სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის, რომელსაც კალთაში უზის 3 წლამდე ბავშვი, მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
10. ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
11. მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
12. მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.
13. მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
14. გზაზე ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გაუმართაობისაგან განსხვავებული ისეთი გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოძრაობის უსაფრთხოებაზე, მძღოლი ვალდებულია იგი ადგილზე აღმოფხვრას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მან, ამ კანონით განსაზღვრული წესითა და სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაიყვანოს სადგომში ან სარემონტო ადგილზე.
15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
15¹. აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი და თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც რეაქციასა და ყურადღებას აქვეითებს.
15². პირის ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში (შემდგომ − ჩანაცვლებითი მკურნალობა) ჩართვიდან ან/და პირის მიერ ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის მომატებული დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში მას შეუჩერდება ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
15³. გარდა ამ მუხლის 15² პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართულ პირს უფლება აქვს, ჩამანაცვლებელი პრეპარატის იმ დოზის მიღებიდან 3 საათის შემდეგ, რომელიც ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელმა მკურნალმა ექიმმა გამოწერა, მართოს მხოლოდ „AM“ კატეგორიის, „A“ კატეგორიის ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
15⁴. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პირი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვისას თან იქონიოს ცნობა, რომელშიც მითითებულია ჩანაცვლებითი მკურნალობით გათვალისწინებული ჩამანაცვლებელი პრეპარატის მიღების დრო.
16. თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი/სასრიალო ტრასით მოსარგებლე ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.
17. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
18. საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს რეგისტრაციის ნომერი და სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი დატანილია სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერზე), სადაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამასთანავე, იგი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
19. საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.
20. გარდა ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებისა, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ასეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შესახებ უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების ან მის მიერ სამოძრაოდ დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი.
21. მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.
22. მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5760 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1145 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
მუხლი 22. მეხრესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. გზაზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზაზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან.
2. გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.
3. საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე იგი ამ კანონით დადგენილი წესით უნდა აღიჭურვოს სინათლეებით.
4. სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
5. საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
6. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
7. პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგზე გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი პირუტყვი უნდა დაიყოს ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა.
8. მეხრეს ეკრძალება:
ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება;
ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა);
გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
9. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მუხლი 23. მგზავრის ზოგადი მოვალეობები
1. მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
2. მგზავრს ეკრძალება:
ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა;
ბ) მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა;
გ) ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტზე ჩამოჯდომა ან მასზე ტვირთის დადება;
დ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
მუხლი 24. ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქვეითმა გადაადგილებისათვის არ უნდა ისარგებლოს გზის სავალი ნაწილით. გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას მან უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
2. თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები:
ა) ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს;
ბ) ქვეითთა ჯგუფებს, რომლებიც ორგანიზებულად გადაადგილდებიან ან მსვლელობით მიდიან, შეუძლიათ იარონ გზის სავალ ნაწილზე; ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მათი მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არაუმეტეს ოთხი კაცისა. ქვეითთა ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარნებით (წინ – თეთრით, უკან – წითლით).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან.
4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. ველობილიკის არსებობისას ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთათვისაც ველობილიკზე მოძრაობა ნებადართულია.
5. დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე. მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ.
6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
7. ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას:
ა) თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები;
ბ) თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა.
8. ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულას გასწვრივ. თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს. იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრამდე და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე.
9. გზის სავალ ნაწილზე გადასვლისას ქვეითი არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა დაბრკოლების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში.
10. გზის სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით.
11. ქვეითმა თავი უნდა შეიკავოს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან/და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
12. ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.
13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასაჯდომად გზის სავალ ნაწილზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ მისი გაჩერების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გზის სავალი ნაწილი.
14. ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე ან მის გასწვრივ მოძრაობა, თუ მასზე ტროტუარი არ არის.
15. ქვეითთა რეგულირებული და არარეგულირებული გადასასვლელები განიმარტება ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ანალოგიურად.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 25. ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასათვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება
1. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება.
2. ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები;
ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
3. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ.
4. მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
5. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს, შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
6. მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება, გაჩერდეს მასზე.
7. მძღოლმა მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას ან გზიდან ასეთ ტერიტორიაზე შესვლისას გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს.
8. გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.
9. თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.
10. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:
ა) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის;
ბ) გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია;
გ) ღამით, ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა;
გ¹) ზამთრის პერიოდში გადაადგილებისას დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ზაფხულის საბურავებით არის აღჭურვილი). შესაბამისად, ამ დროს მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო საშუალების ყველა თვლის ზამთრის საბურავებით აღჭურვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, − აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების საჭიროება;
დ) მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე;
ე) ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის;
ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით;
ზ) წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია;
თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა;
ი) გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას);
კ) თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა;
ლ) თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება;
მ) გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო;
ნ) დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას;
ო) მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე;
პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
მუხლი 26. დამატებითი მოთხოვნები ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
1. მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გააანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები.
2. გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
3. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.
4. ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
5. ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი, ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.
6. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა:
ა) მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით;
ბ) მოპედითა და მოტოციკლით;
გ) 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება;
დ) მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.
7. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
8. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.
9. აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
მუხლი 27. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მოვალეობები
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (ადგილიდან არ დაძრას) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია;
ბ) დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა;
გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას;
დ) მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები;
ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
2. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.
მუხლი 28. მარეგულირებლის სიგნალების, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების ურთიერთდამოკიდებულება
1. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ მარეგულირებლის სიგნალების, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს.
2. მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
3. შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს აქვს უპირატესი ძალა გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების მიმართ.
4. თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
5. თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.
მუხლი 29. შუქნიშანი
1. შუქნიშანი გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. შუქნიშანზე გამოიყენება წითელი, ყვითელი (ან მოყვითალო), მწვანე ან თეთრი მაშუქი სიგნალები. დანიშნულების მიხედვით შუქნიშნებს შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი ფერადი მაშუქი სიგნალი; ამასთანავე, ფერადი მაშუქი სიგნალების განლაგება შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ან „T“-სებური ფორმის. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებზე დამატებით შეიძლება გამოსახული იყოს ისარი/ისრები, ქვეითის სილუეტი ან ველოსიპედის (ველოსიპედისტის) კონტური. წითელი, ყვითელი და მწვანე მაშუქი სიგნალების მოქმედების დარჩენილი დროის (წამების) შესახებ საგზაო მოძრაობის მონაწილეების დამატებითი ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი ელექტრონული დაფა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ უსინათლო ქვეითის ინფორმირებისათვის ქვეითთა შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს ხმოვანი სიგნალი. შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალის არსებობის შემთხვევაში წყვეტილი ხმოვანი სიგნალი ქვეითს ამცნობს შუქნიშნის წითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობას კრძალავს, ხოლო უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მას ამცნობს შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობის ნებას რთავს.
2. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას;
ბ) ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ;
გ) ყვითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და იტყობინება მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ;
დ) ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;
ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას;
ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.
3. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად განლაგებული სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ვერტიკალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი, ქვევით − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მწვანე მაშუქი სიგნალის დონეზე მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. ჰორიზონტალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: მარჯვნივ − წითელი, შუაში − ყვითელი, მარცხნივ − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი.
4. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
5. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
6. ქვეითისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, ქვევით − მწვანე. გადასასვლელზე ამ ტიპის შუქნიშნის არარსებობის შემთხვევაში ქვეითმა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელონ სატრანსპორტო შუქნიშნით. ამასთანავე, მათ მოძრაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.
7. ველობილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრავი ველოსიპედისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა ამ გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის განკუთვნილი შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალებით. ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი ან სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი (მისი არსებობის შემთხვევაში), ქვევით − მწვანე. ველოსიპედის მძღოლის მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ველოსიპედის გამოსახულება. გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე ამ ტიპების შუქნიშნების არარსებობისას აღნიშნულმა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ ქვეითისათვის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
8. რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
9. რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიცემულ იქნეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
11. შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ.
12. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
13. შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში:
ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი გზის სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს;
ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ – ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) სხვა ადგილას – შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
14. მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 30. მარეგულირებელი და მისი სიგნალები
1. მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნების (ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საგზაო მოძრაობისათვის დადგენილი წესების) მოთხოვნებისაგან განსხვავებულად, ან არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებები ვერ უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნორმალურ დინებას, ან საგზაო მოძრაობისას დაბრკოლებების ან საცობების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
2. მარეგულირებელი საკმაო მანძილიდანაც კარგად ხილვადი და გასარჩევი უნდა იყოს როგორც დღისით, ისე ღამით. მარეგულირებლის სიგნალები კარგად უნდა ჩანდეს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები უნდა იყოს. მარეგულირებელმა სიგნალი უნდა მისცეს დროულად, რათა მძღოლმა უეცარი მანევრით ან სიჩქარის სწრაფი შეცვლით არ შექმნას საფრთხე ან/და არ შეაფერხოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მოძრაობა.
3. საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას;
ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;
გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად;
დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას;
ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა − რკინიგზის გადასასვლელზე;
ზ) საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა − ნავსადგურში;
თ) გზის მესაკუთრემ ან სხვა პირებმა, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ დანიშნული არიან საგზაო მოძრაობის დროებით მარეგულირებლად, − საგზაო სამუშაოების შესრულებისას, ან შეთანხმებული ღონისძიების ჩატარების დროს, ან საგზაო მოძრაობის სხვა შეფერხების შემთხვევაში, ან გზის დროებით ჩაკეტვის დროს;
ი) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გამცილებელმა პირებმა − საგზაო მოძრაობის შეფერხების ან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
4. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ საგზაო მოძრაობის მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების მოთხოვნებს.
5. მარეგულირებლის სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე;
ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე;
გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან;
დ) წითელი სინათლის მოძრაობა − ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.
6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიგნალებისა, მარეგულირებელს უფლება აქვს, ხელების საშუალებით მისცეს მძღოლებსა და ქვეითებს მათთვის გასაგები სხვა სიგნალებიც.
7. მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში:
ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს;
ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) სხვა ადგილას − შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომელთაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
8. თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.
9. მარეგულირებელი სიგნალს აძლევს:
ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით;
ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით;
გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“;
დ) ხელით;
ე) წითელი ან ყვითელი ალმით;
ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
10. მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.
მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
1. საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
2. აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომელიც მისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის არის განკუთვნილი.
3. ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არარსებობის შემთხვევაში − სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ. სავალი ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი. საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, კიდულძრავიანი ველოსიპედის, ველოსიპედისა და სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს მათთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობისას უფლება აქვთ, ისარგებლონ მოძრაობის მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს.
6. თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
7. სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
8. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც ოთხი მოძრაობის ზოლი მაინც აქვს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გავიდეს იმ ზოლებზე, რომლებზედაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება.
9. ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუ საგზაო ნიშნით მოძრაობის ზოლი განკუთვნილია ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის, ამ სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა აღნიშნულ ზოლზე უნდა იმოძრაონ.
10. დასახლებულ პუნქტში ამ მუხლის მე-11−მე-13 პუნქტებით, 38-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის უფრო მოსახერხებელ თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით.
11. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.
12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მოძრაობის ზოლზე დგომა-გაჩერების მიზნით გასვლა შეიძლება მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
13. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ახორციელებს დაბრკოლების შემოვლას ან გასწრებას, ან მარცხნივ მოხვევას ან მობრუნებას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით აღჭურვილ საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე მათ მიერ გზებზე სამუშაოების წარმოებისას.
14. დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა.
15. ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
16. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას.
17. შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა.
18. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე.
19. იმ სავალ ნაწილზე, რომლის განაპირა მოძრაობის ზოლი/ზოლები ან ველობილიკები განკუთვნილია განსაზღვრული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, ტერმინი „სავალი ნაწილის კიდე“ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის ნიშნავს დარჩენილი სავალი ნაწილის კიდეს.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 32. მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
2. მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
4. მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
5. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.
6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას:
ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი;
ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
8. თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს მოხვევას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.
10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.
12. თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
13. დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.
14. გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
ა) ქვეითთა გადასასვლელზე;
ბ) გვირაბში;
გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ;
დ) რკინიგზის გადასასვლელზე;
ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია;
ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილას.
16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.
17. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:
ა) საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომელი მხრიდან უნდა შემოუაროს მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას;
ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 33. სიჩქარე და დისტანცია
1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.
2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
3. მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
4. მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
5. მძღოლი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ეს ისე გააკეთოს, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხე არ შეუქმნას და ზედმეტად არ გაართულოს მათი მოძრაობა. გარდა ამისა, მძღოლმა ხელით წინასწარ მკაფიოდ უნდა ანიშნოს მოძრაობის შენელების განზრახვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის უკან არ არის სატრანსპორტო საშუალებები ან ისინი ძალიან დიდ მანძილზე იმყოფებიან, თუმცა ეს მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ სიჩქარის შენელების სიგნალის მიცემა ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული „სდექ“ სიგნალის მეშვეობით.
6. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია:
ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა:
ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;
ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;
დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა:
დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;
დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
8. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია:
ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით;
ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;
გ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით;
დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით;
ე) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში;
ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით.
9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება:
ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;
გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება.
10¹. გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
11. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა
1. გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.
2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედის მძღოლს უფლება აქვს, გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.
3. გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია;
ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას;
გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა;
დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას;
ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი.
4. აკრძალულია გასწრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში არსებობს შესაბამისი გრძივი მონიშვნა და გასწრება ხდება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებზე გაუსვლელად.
5. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე.
6. თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოძრაობის ინტენსივობა ისეთია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს არათუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის მთელი სიგანე უკავიათ, არამედ ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომელიც დამოკიდებულია მოცემულ რიგში მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე:
ა) ის ფაქტი, რომ ერთი მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს მეტი სიჩქარით, ვიდრე სხვა მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები, არ განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გასწრება, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს მძღოლს ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან;
ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც არ იმყოფება სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის უახლოეს მოძრაობის ზოლზე, შეუძლია გამოვიდეს რიგიდან მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ან სადგომზე გასვლის მიზნით.
8. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით რიგებში მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას.
9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია:
ა) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა:
ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა;
ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება;
ა.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად;
ბ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას;
დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე;
ე) შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით;
ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების არსებობისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, ორთვლიანი მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
11. სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
12. მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გასწრებას აპირებს, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ უნდა გაზარდოს სიჩქარე. თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს.
13. ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფი მოძრაობა, ვიდრე სავალი ნაწილის კიდესთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა, არ ითვლება გასწრებად ამ მუხლის შინაარსით, თუმცა მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ავტომაგისტრალზე, მასთან გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო ნიშნით მონიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება, აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღემატება.
16. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება, ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
17. თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.
18. გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა.
19. დაუსახლებელ პუნქტში, თანმხვედრი მიმართულებით მხოლოდ ერთი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მოძრაობს მოცემულ გზის მონაკვეთზე ნებადართულ მაქსიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით, და მძღოლმა, რომლის სატრანსპორტო საშუალების ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის გაბარიტული სიგრძე აღემატება 7 მეტრს, გასწრების გასაადვილებლად, გასწრების დაწყების ან განხორციელების მომენტის გარდა, თავის სატრანსპორტო საშუალებასა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის უნდა დაიცვან ისეთი დისტანცია, რომ მათ გამსწრებ სხვა სატრანსპორტო საშუალებას სრული უსაფრთხოების დაცვით შეეძლოს, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი რიგში, გადასწრებული სატრანსპორტო საშუალების წინ. ეს წესი არ გამოიყენება ინტენსიური მოძრაობისა და გასწრების აკრძალვის შემთხვევებში.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 35. შემხვედრისთვის გვერდის აქცევა
1. შემხვედრისთვის გვერდის აქცევისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვერდიდან უნდა დატოვოს საკმარისი თავისუფალი სივრცე და აუცილებლობის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, თუ მისი მოძრაობა მის მხარეს დაბრკოლების ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების არსებობის გამო გართულდება, მან უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს, რათა გაატაროს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებები.
2. მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფება.
მუხლი 36. გზაჯვარედინი და გზის დათმობის მოვალეობა
1. გზაჯვარედინთან მიახლოებისას მძღოლმა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამასთანავე, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება ისეთი სიჩქარით უნდა მართოს, რომ შეეძლოს, გაჩერდეს და გაატაროს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უპირატესი მოძრაობის უფლება აქვს.
2. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ყვითელი მოციმციმე სიგნალი ანთია, ან შუქნიშანი არ არის ან არ მუშაობს, ან მარეგულირებელი არ დგას, გზაჯვარედინი არარეგულირებულად ითვლება და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
3. რეგულირებულ გზაჯვარედინზე:
ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც;
ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;
დ) თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით;
ე) შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით;
ვ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით;
ზ) თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ, მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გზის დათმობით.
4. არარეგულირებულ გზაჯვარედინზე:
ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა;
ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც;
გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა;
დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
5. მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
6. თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
7. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
8. თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფრის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ იგი მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.
9. მძღოლი, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.
მუხლი 37. გაჩერება და დგომა
1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე.
2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია:
ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია;
ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე;
გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).
3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება:
ა) გზის სავალ ნაწილზე:
ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს;
ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა;
ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია;
ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის:
ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;
ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;
ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია;
ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს;
ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე;
ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას;
გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;
დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა:
ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია;
ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე;
დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან;
ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას;
ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა;
ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში;
თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;
ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.
9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ:
ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის;
ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია.
10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.
11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1837 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
მუხლი 38. ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა
1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე:
ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად);
ბ) აკრძალულია სასწავლო სვლა;
გ) მძღოლს ეკრძალება:
გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები;
გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა;
გ.გ) მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ან იმ მისაბმელიანი ავტომობილით მოძრაობა, რომლის საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია;
დ) დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით.
2. ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.
3. ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.
4. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.
5. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 39. რკინიგზის გადასასვლელი
1. ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ:
ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას);
ბ) მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა;
გ) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა;
დ) თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება;
ე) მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე;
ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილემ რკინიგზის გადასასვლელზე შეუჩერებლად უნდა გაიაროს.
2. რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა;
ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა;
გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;
დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა აკრძალული ქმედების განხორციელება.
3. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
4. რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.
5. რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში მძღოლი უნდა ეცადოს, გაიყვანოს იგი რკინიგზის ლიანდაგიდან, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, საფრთხის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილოს რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მემანქანე და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მასზე დამოკიდებული უსაფრთხოების ყველა ზომა, კერძოდ:
ა) სატრანსპორტო საშუალებიდან დაუყოვნებლივ გადმოსხას მგზავრები;
ბ) თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, გაგზავნოს ორი ადამიანი რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ რკინიგზის გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ მხოლოდ ერთს გზავნის, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა) და აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;
გ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი;
დ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.
6. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.
მუხლი 40. სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
1. თუ ლიანდაგი გზის სავალ ნაწილზე გადის, თითოეულმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ ტრამვაის ან სხვა რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ლიანდაგი რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად.
2. იმ მოძრავი ან გაჩერებული რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის ლიანდაგიანი გზა გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ხდება მარჯვენა მხრიდან. თუ ვიწრო გასასვლელის გამო შემხვედრისთვის გვერდის აქცევა და მისი გასწრება მარჯვენა მხრიდან შეუძლებელია, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს მარცხენა მხრიდან, იმ პირობით, რომ ეს არ შეზღუდავს და საფრთხეს არ შეუქმნის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე გასწრება შეიძლება მარცხენა მხრიდან, თუ ეს გამართლებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.
მუხლი 41. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
1. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
2. გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი გზის სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.
3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია აღნიშნულ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.“;
4. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა ან/და გაჩერება (გარდა 5.16 საგზაო ნიშნითა და 1.17 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ადგილისა) მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.
„5. 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სხვა დროის მონაკვეთია განსაზღვრული) დასაშვებია სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი საშვის მქონე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლისას, გაჩერებისას და დგომისას (ზოლიდან გამოსვლამდე) სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისთვის ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია;
ბ) გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ დადგას საავარიო გაჩერების ნიშანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე;
გ) დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები;
დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას დაუყოვნებლივ გამოვიდეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლიდან.
7. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის საათებისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერება და დგომა გამოიწვევს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო საფუძველზე.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის დამატებით წესებსა და პირობებს, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1837 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
მუხლი 42. საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები
საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება;
ბ) მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი;
გ) მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
დ) ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავა უნდა გამორთოს;
ე) იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 43. ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები
1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით.
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.
3. თუ ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, ველობილიკი ან გვერდულა არ არსებობს, ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა გართულებულია, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ ქვეითთა მოძრაობა არ შეფერხდება.
4. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
5. ველოსიპედის მძღოლს ეკრძალება მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.
6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედის მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
7. ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა.
8. დასაშვებია ველოსიპედით, თოვლმავლით, მოტოციგით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
9. ველოსიპედის მძღოლს ეკრძალება მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა მგზავრი შეიძლება გადაიყვანონ მხოლოდ ეტლით (მისი არსებობის შემთხვევაში) ან/და მძღოლის ადგილის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.
10. გადაადგილებისას მოტოციკლის, მოპედის, კვადროციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა და მგზავრებმა შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
11. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით.
12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით, თოვლმავლითა და მოტოციგით მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით მოძრავებმა გზა უნდა დაუთმონ ქვეითებს, არ უნდა შეაფერხონ ისინი და საფრთხე არ უნდა შეუქმნან მათ მოძრაობას.
13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის სიჩქარე 20 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკის, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არარსებობისას დასაშვებია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.
15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს აქვთ:
ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად მოხვევის მანევრს ასრულებენ.
16. მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
17. მოპედით ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები
1. შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში:
ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში;
ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით;
გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება;
დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა;
ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს;
ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყოფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.
2. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.
მუხლი 45. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება
1. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
4. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
5. მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
6. აკრძალულია ბუქსირება:
ა) ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია;
ბ) ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს;
გ) უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით;
დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება;
დ¹) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება;
ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია;
ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება;
ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.
9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
10. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 46. მგზავრთა გადაყვანა
1. აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.
2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება;
ბ) მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები.
5. სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
6. მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.
7. ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“.
8. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.
9. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.
10. აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა:
ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწინებული დასასხდომი ადგილების გარეთ;
ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად);
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 46¹. დამატებითი მოთხოვნები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის დროს მგზავრთა გადაყვანისას
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის (შემდგომ – ექსკურსია) დროს მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში დამატებით დაცული უნდა იქნეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ექსკურსია არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას და რომლის ორგანიზების/მოწყობის შესახებ გამოცემულია აღნიშნული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი.
3. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:
ა) ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.
5. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
6. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.
7. ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.
8. ექსკურსიის ფარგლებში მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორ/მომწყობ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი). იგი პასუხისმგებელია მათ მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის. ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.
9. თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით. პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის შიგთავსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7106 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.
მუხლი 47. სატრანსპორტო საშუალების ტვირთი
1. თუ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილია ნებადართული მაქსიმალური მასა, დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
2. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუკი იგი არ აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს.
3. აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის:
ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას;
ბ) პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მაჩვენებელს მაინც.
4. თუ ტრანსპორტის ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ზომის/მასის დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი კორექტირების ან/და ტვირთის გადანაწილების გზით, მძღოლი ვალდებულია მოძრაობის დაწყებამდე უზრუნველყოს ამის გაკეთება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იხელმძღვანელოს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.
6. გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
7. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.
8. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი სიმაღლე, სიგანე ან/და სიგრძე ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.
9. სატრანსპორტო საშუალება არ ითვლება ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ან/და არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი ან ტვირთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობების ქვევით შემცირება მათი კორექტირებით ან/და ტვირთის გადანაწილებით.
10. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე;
ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა;
გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;
დ) არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
12. ყველა დამხმარე მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად (თოკები, ჯაჭვები, ბრეზენტი), მაგრად დაჭიმული და მყარად დამაგრებული უნდა იყოს, ამასთანავე, უნდა აკმაყოფილებდეს ტვირთის მიმართ ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
13. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
14. მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის ისე განლაგება, გადანაწილება და დამაგრება, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
15. ტვირთის გადაზიდვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ის ან შეწყვიტოს მოძრაობა.
16. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში იმყოფება.
საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4920 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
გვერდზე წარმოდგენილია კანონის მოქმედი ვერსია წყაროდან matsne.gov.ge