სვლაsvla

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი

1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2019 წლის 1 მარტამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 აპრილამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით.

5. (ამოღებულია - 23.12.2017, №1913).

6. (ამოღებულია - 23.12.2017, №1913).

7. საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.

8. 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში მართვის მოწმობას ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.

9. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას შეუჩერდა იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო წესით.

საქართველოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონი №2038- ვებგვერდი, 26.02.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3093 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 28 ივნისის კანონი №2713 - ვებგვერდი, 29.06.2018წ,

მუხლი 63. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:

ა) შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:

ა.ა) „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ა.გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების (რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) და ტესტირების მეთოდების დამტკიცების შესახებ“;

ა.დ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობის შესახებ“;

ა.ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ“;

ა.ვ) „სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ“;

ა.ზ) „თვითნაკეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ“;

ა.თ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“;

ა.ი) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების ორგანიზებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“;

ა.კ) „საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოებისა და მექანიკოსებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ა.ლ) „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“;

ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

1¹. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება.

2. ეთხოვოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნების, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვებისა და მათი დაწესების პირობების, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესის განსაზღვრის შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა.ა) „ტესტირების (საგამოცდო) ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხის მიწოდების ფორმის დადგენის შესახებ“;

ა.ბ) „ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ა.გ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“;

ა.დ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთების) დამტკიცების შესახებ“;

ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

გ) 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი.

4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე იმ გზების სიის დამტკიცება, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა).

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამებიან თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1197 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

მუხლი 63¹. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტები

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

მუხლი 64. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−52-ე და 54-ე−62-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი−52-ე და 54-ე−62-ე მუხლები ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ამოღებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) მე-9 მუხლი.

4. 2014 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104).

საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2013 წ.

N1830-რს

გვერდზე წარმოდგენილია კანონის მოქმედი ვერსია წყაროდან matsne.gov.ge