სვლაsvla

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

თავი IV. ხმოვანი, მანათობელი და სპეციალური სიგნალები

მუხლი 48. ხმოვანი და მანათობელი სიგნალები

1. ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ:

ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად;

ბ) დასახლებული პუნქტის გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.

2. ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.

3. დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

4. ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა მძღოლს არ ანიჭებს უპირატესობას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ

მუხლი 49. გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები

1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.

2. შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში:

ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას;

ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე;

გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.

3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.

4. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.

5. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.

6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.

7. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან − წითელი მაშუქი.

8. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:

ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას;

ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას;

გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე;

ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

9. დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.

10. დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:

ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად:

ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე;

ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

12. უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.

13. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

14. ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.

15. ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

16. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

მუხლი 50. ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები

1. დაბინდებიდან გათენებამდე გზაზე მყოფ ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას, რომლის მიმართაც არ გამოიყენება ამ კანონის 49-ე მუხლის დებულებები, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. მხოლოდ ერთი წინა ან ერთი უკანა ფარის ქონის შემთხვევაში ეს ფარა განლაგებული უნდა იყოს ცენტრში ან სატრანსპორტო საშუალების მარცხენა მხარეს.

2. ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.

3. საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე. წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი განლაგებული უნდა იყოს მარცხენა მხარეს. თუ ზემოთ აღნიშნული ფარნების სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრება შეუძლებელია, ისინი შეიძლება მიჰქონდეს თანმხლებ პირს, რომელიც უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებას მიჰყვება. გარდა ამისა, საჭაპანო ტრანსპორტს უკან უნდა ჰქონდეს ორი წითელი შუქამრეკლი მოწყობილობა, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების კიდეებთან რაც შეიძლება ახლოს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.

4. სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას:

ა) ქვეითთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელი მეთაურობს ან რომელიც სვლით მიდის, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და სულ მცირე ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან;

ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულო არ არის სათანადოდ განათებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

მუხლი 51. სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება

1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.

4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა.

7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.

8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9. აკრძალულია საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №933 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

მუხლი 52. საავარიო შუქსიგნალიზაცია და საავარიო გაჩერების ნიშანი

1. საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს:

ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს;

ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია;

გ) მძღოლისთვის შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია, გაჩერდეს;

დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);

ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების სადგომზე ან სარემონტო ადგილზე გადაყვანისას;

ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სხვა სახის საშიშროების შესახებ გასაფრთხილებლად.

2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;

ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

5. საავარიო გაჩერების ნიშანი არის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა არანაკლებ 0,4 მეტრი სიგრძის გვერდებითა და არანაკლებ 0,05 მეტრი სიგანის წითელი არშიით. ამ სამკუთხედის შუა ნაწილი შეიძლება ღრუ იყოს ან ღია ფერის საღებავით შეიღებოს. წითელი არშია შუქს არ უნდა ატარებდეს ან უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი თვისების მქონე ზოლი. დაფა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეიძლებოდეს მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში მდგრადად დაყენება. საავარიო გაჩერების ნიშანი გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში.

გვერდზე წარმოდგენილია კანონის მოქმედი ვერსია წყაროდან matsne.gov.ge