სვლაsvla

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

თავი VI. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

მუხლი 54. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები

1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს:

ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს;

ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული);

გ) რომელიც სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.

2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) „AM“ − მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;

ბ) „A“ − მოტოციკლი;

გ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

დ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება; „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

ზ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

თ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

ი) „T“ – სასოფლო-სამეურნეო მანქანა; „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

კ) „S“ − სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა; „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

ლ) ტრამვაი.

3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ³ -ს, მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,1 კვტ/კგ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ბ) „A2“ − მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს;

გ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი; კვადროციკლი;

დ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს; „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს; „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;

ზ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

მუხლი 55. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და ერთ- ან ორეტაპიანი პრაქტიკული).

2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ:

ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და პირის „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);

ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა, გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5¹ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;

ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

3. „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებაზე.

4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;

ა¹) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

ა²) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;

ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:

ბ.ა) 21 წელი, თუ პირს ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე მიენიჭა „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;

გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;

დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;

ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;

ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;

თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;

ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;

კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;

მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.

5. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ითვლება მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის დრო).

7. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

8. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

9. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უფლებამოსილი ორგანო სათანადო მონაცემებს მოიპოვებს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა).

13. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემები.

14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.

16. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.

17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ ასრულებს შეზღუდვებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1720 – ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1145 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

მუხლი 56. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა

1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

8¹. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.

8². „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

8³. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

8⁴. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.

11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

12. ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.

14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც.

15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული, ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

მუხლი 57. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება

18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეძლევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

მუხლი 58. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2. პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით. ამასთანავე:

ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;

გ) „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;

დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

2¹. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელ, იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა.

2². საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს;

ბ) კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს (დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5¹ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული ქულების რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას);

გ) ამ კანონის 59-ე მუხლის 5¹ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების აღდგენისას.

2³. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამ კანონის №5 დანართის შესაბამისად შემცირებას.

2⁴. კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა ან აღდგენა (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5¹ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გავლენას არ ახდენს აღნიშნული კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობაზე. ამასთანავე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში აღდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 2² პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.

2⁵. თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, აღნიშნული ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

2⁶. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გააფრთხილოს მართვის მოწმობის მფლობელი მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის 50-მდე შემცირებისას და შემდგომ 20-მდე შემცირებისას, თუ მას აქვს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

2⁷. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის წარმოშობის დღიდან;

ბ) ამ მუხლის 2² პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2⁸. ამ მუხლის 2⁷ პუნქტით განსაზღვრულ მართვის მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესები. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში ამ მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2⁹. ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი.

2¹⁰. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განახლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადა უნდა შეესაბამებოდეს მასში ასახული მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადას.

5. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება.

6. მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

8. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

8¹. მართვის მოწმობის ფორმას (გარდა ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმისა) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

9. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

10. მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

მუხლი 59. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:

ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

ა¹) ჩანაცვლებითი მკურნალობის წესების დარღვევის გამო პირის ჩანაცვლებითი მკურნალობიდან გარიცხვა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება;

გ) პირისათვის მინიჭებული „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის);

დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა;

დ¹) მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა.

3. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ;

ბ) პირის გარდაცვალება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4¹. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისა და აღდგენის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5¹. პირს, რომელსაც მართვის უფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ¹ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე ან მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. პირი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიშვება.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ¹ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებიდან მართვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე პირი, რომელსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს, მართვის უფლების არმქონედ მიიჩნევა, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1145 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

მუხლი 59¹. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმება

სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1145 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

გვერდზე წარმოდგენილია კანონის მოქმედი ვერსია წყაროდან matsne.gov.ge